იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, შპს ,,იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორს არჩილ ბუკიას და ამხანაგობა „GeoHolding” & KSH Consortium-ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი დადიანს შეხვდა. მხარეებმა სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის მიმდინარეობა და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
პროექტით გათვალისწინებულია ჯამურად 152 ჰა მიწის ნაკვეთზე მაღალი და საშუალო ტექნოლოგიური და 16 ჰა მიწის ნაკვეთზე დაბალი ტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების განვითარება. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობების ოპერირებისთვის. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მოიცავს გაზის, ელექტროენერგიის და წყლის გამანაწილებელ შიდა ქსელს, ნაკვეთების სრულ შემოღობვას, დაცვის სისტემის ქსელს და შიდა გზებს. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება მებაღეობის სატრეინინგო და სადემონსტრაციო და შემგროვებელი ლოგისტიკური ცენტრები, რომლებიც მოემსახურებიან პროექტში ჩართულ ინვესტორებს და ასევე იმერეთის რეგიონში არსებულ ფერმერებს და მესათბურეებს.
2021 წლის 1 ნოემბერს, პროექტის მეორე ეტაპი, 220 ჰა სასათბურე მეურნეობის კლასტერის განვითარების პროექტზე, ოფიციალური წინადადებების მიღება (Request for Proposal – RfP) გამოცხადდა, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. წინადადებების მიღების ეტაპზე ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩევიან ინვესტორები, რომლებთანაც გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.
გარდა ამისა, გამოცხადებულ საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვაზე შპს „იმერეთის აგრო ზონამ“ საქართველოდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან წინადადებები მიიღო. აღნიშნული წინადადებები არის სხვადასხვა დამხმარე საქმიანობაზე, სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის და სასათბურე მეურნეობების განვითარებაზე წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
აღნიშნული პროექტით, დაინტერესებულ მხარეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, განახორციელონ ინვესტიცია ცენტრალიზებულად მართულ, სრული მომსახურებით უზრუნველყოფილ 220 ჰა სასათბურე მეურნეობის კლასტერის განვითარებაში.
留言